“ექსპო ჯორჯია” ერთადერთი საგამოფენო ცენტრია საქართველოში და აგრეთვე ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი კავკასიის რეგიონში. კომპანია ორგანიზებას უწევს გამოფენებს, სხვადასხვა სახის კონფერენციებს, კონგრესებსა და ღონისძიებებს.

საგამოფენო ცენტრის ისტორია 1958 წელს იწყება. ამ დროს ქვეყანამ დროებითი საგამოფენო პავილიონები ააშენა და თბილისის 1500 წლის იუბილეს აღსანიშნავად მოაწყო ინდუსტრიული ნაწარმის გამოფენა. ფართომასშტაბიანი სამშენებლო სამუშაოები 1961 წელს დაიწყო და შედეგად თბილისის ცენტრში განთავსდა 11 პავილიონი, სათბური, აუზი და პარკი. საბჭოთა პერიოდში საგამოფენო ცენტრში საბჭოთა მიღწევების ხაზგასასმელად,  ეწყობოდა ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის პერმანენტული გამოფენები. წელიწადში ერთხელ სივრცე ეთმობოდა საერთაშორისო გამოფენებს. 1994-1998 წლებში მოხდა ორგანიზაციის პრივატიზირება და კომპანია გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად. ინფრასტრუქტურა განახლდა. “ექსპო ჯორჯია”-ს დაეკისრა მნიშვნელოვანი როლი – ერთის მხრივ უცხოური კაპიტალის მოზიდვა საქართველოში და მეორე მხრივ ქართული ბიზნესებისათვის საერთაშორისო ბაზრების გახსნა.

წლების განმავლობაში, ექსპო ჯორჯიას ღონისძიებები გახდა შესანიშნავი ფორუმი გადაწყვეტილების მიმღებთათვის – ახალი პროდუქტის შესაფასებლად,  კონტაქტების დასამყარებლად, მიმწოდებლებთან ურთიერთობების გასაფართოებლად და შესყიდვების განსახორციელებლად. ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია “ექსპო ჯორჯია”-ს მიიჩნევს საიმედო პარტნიორად და მნიშვნელოვან მოკავშირედ ბიზნეს ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების საქმეში.